ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაცია
ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითობის პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის სიღრმისეული კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლების გზით.
არანაკლებ 1 წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ასოციაციის წევრებს, რომლებიც ამა თუ იმ დარგში წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს და მიიღებენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერთიფიკატს, შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების განცხადებით მიმართონ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სპეციალიზებული კურსი არის მინიმუმ 40 საათიანი, სიღრმისეული თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან შესაბამისი დარგის გერმანელი და ქართველი ექსპერტები და პრაქტიკოსები. სპეციალიზებული კურსების შემადგენელი ნაწილი ასევე იქნება პროფესიული სასწავლო ვიზიტები გერმანიაში. სპეციალიზირებულ კურსებზე რეგისტრაცია დარგების მიხედვით ეტაპობრივად გამოცხადდება გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის მიერ, რის თაობაზეც ინფორმაცია ადვოკატებს ასევე მიეწოდებათ ასოციაციის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.